შემოსავლების სამსახური - ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საბაჟო კონტროლისას ყვითელ დერეფანში დეკლარაციების შერჩევის სიხშირე ხელოვნურად არის გაზრდილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება
გარკვეული პერიოდულობით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საბაჟო კონტროლისას ყვითელ დერეფანში დეკლარაციების შერჩევის სიხშირე ხელოვნურად არის გაზრდილი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების არამართლზომიერი გამოყენების შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანისა და ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, როგორც საბაჟო, ასევე ანალიტიკური დეპარტამენტების მიერ ერთდროულად ხორციელდება, შესაბამისი ადმინისტრირების პროცესი, კერძოდ: ინფორმაციის დამუშავება, რისკების იდენტიფიცირება და რისკის პროფილების შემუშავება.
მოქმედი კანონმდებლობით დეტალურად არის განსაზღვრული, https://rs.ge/LegalEntityCustomsProcedures?cat=12&tab=1 რომ საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას (დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლს შემოსავლების სამსახური ახორციელებს eCustoms-ის მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით), მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონელი გაიშვება გარანტიის წარდგენით. საქონლის გაშვება აგრეთვე შესაძლებელია კუთვნილი იმპორტის გადასახდელის სრულად გადახდით ან იმპორტის გადასახდელის ნაწილზე გარანტიის წარდგენითა და დანარჩენ ნაწილზე თანხის გადახდით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გადამხდელი ვერ უზრუნველყოფს საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის გადახდას ან ამ თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენას და არც გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ აქვს საკმარისი ოდენობის ზედმეტად გადახდილი თანხა, მიმდინარე წლის მარტის თვიდან, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთა ხელშეწყობის მიზნით, მათი სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დეკლარირებული საქონლის დასაწყობება და ეტაპობრივად გაიმპორტება ან სხვა საბაჟო რეჟიმში მოქცევა.
მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის ცხრა თვეში სახელმწიფომ საგადასახადო ზედმეტობის სახით კომპანიებს 1.4 მილიარდი ლარი დაუბრუნა, რაც ძირითადად დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სახით განხორციელდა.
შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტი საბაჟო კონტროლის პროცედურებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.