შემოსავლების სამსახური - სახელმწიფოს შპს „ოჯთ“-სთვის საბიუჯეტო დავალიანებიდან არც ერთი თეთრი არ უპატიებია
სახელმწიფოს არც ერთი თეთრი საბიუჯეტო დავალიანებიდან არ უპატიებია შპს „ოჯთ“-სთვის, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა „ომეგა“ ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, „ოჯთ“-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი 52-მილიონიანი დავალიანების მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. შემოსავლების სამსახურმა წარმოების ხელშეწყობისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, კომპანიის ანგარიშს მოუხსნა ინკასო, ყადაღა მოეხსნა საბრუნავ საშუალებებს, ასევე, „ოჯთ“-მ, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა აქციზური მარკები წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად.
„გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურმა კომპანიას შესთავაზა, წარმოედგინათ ვალის მომსახურების გრაფიკის თაობაზე გონივრული წინადადებების პაკეტი“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული შეთავაზების საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურმა კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან აბსურდული და ყოვლად მიუღებელი წინადადებები მიიღო.