შემოსავლების სამსახური - მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი” დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის ფაქტი აღიკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული თანხა – 40 000 000 რუსული რუბლი გამოავლინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 164 000 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, საქონლის სრულად ჩამორთმევა განესაზღვრა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.