შემოსავლების სამსახური კომპანიებს შეახსენებს, საშემოსავლო და ქონების გადასახადის 2021 წლის იანვრამდე გადასავადებლად უწყებას შესაბამისი განცხადების ფორმით მიმართონ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეახსენებს გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, 2021 წლის პირველ იანვრამდე, გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის, მეწარმე სუბიექტებს შესაბამისი განცხადების ფორმით უნდა მიემართათ შემოსავლების სამსახურისთვის, რათა მათ მიმართ არ განხორციელებულიყო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რაზეც სპეციალური განცხადება და საჯარო მოწოდება გაკეთდა უწყების მიერ და შესაბამისი შეტყობინებები დაეგზავნათ გადამხდელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული გადავადებით, უკვე ისარგებლა 670-მა გადასახადის გადამხდელმა ისარგებლა და მათ ავტომატურ რეჟიმში, 2021 წლის პირველ იანვრამდე გადაუვადდათ ვალდებულება და მათ მიმართ არანაირი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გატარებულა, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი განცხადება, თანხების გადაუხდელობის გამო ავტომატურ რეჟიმში გავრცელდა იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ითვალისწინებს გლობალური პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას და გამოთქვამს მზადყოფნას კვლავ განიხილოს გადამხდელთა მიერ წარმოდგენილი წინადადებები და იმსჯელოს სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად, კომპანიის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებების ვადის გადავადების თაობაზე“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.