შემოსავლების სამსახური - გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით, ჩვენი სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანებაზე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე
შემოსავლების სამსახურის სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
შემოსავლების სამსახურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი შეტყობინება მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელების მოტყუების მიზნით შემოსავლების სამსახურის სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები საგადასახადო დავალიანების თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტები მოქალაქეებს, ძირითადად, მათ კუთვნილ სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, WhatsApp ) ეგზავნებათ და სხვადასხვა სახის საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდების მცდელობას შეეხება.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში სასწრაფოდ დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299-299. აქვე გაცნობებთ, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება“, – ნათქვამია განცხადებაში.