შემოსავლების სამსახური გადამხდელებს მიმართავს, მაქსიმალურად გამოიყენონ ელექტრონული და დისტანციური სერვისები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადამხდელებს მიმართავს, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულებისა და სერვისებით სარგებლობისთვის, ელექტრონული და დისტანციური მომსახურებები მაქსიმალურად გამოიყენონ.
ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება განმარტავს, რომ აღნიშნულ ზომებს სამსახური საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში მიმართავს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულებისა და სერვისებით სარგებლობისთვის, მაქსიმალურად გამოიყენოთ ელექტრონული და დისტანციური მომსახურებები: შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მისამართი – www.rs.ge; ელექტრონული სერვისების გვერდის მისამართი: www.eservices.rs.ge; ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]; სატელეფონო ცენტრის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 2 299 299“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.