შემოსავლების სამსახური, დაახლოებით, 11 000 გადასახადის გადამხდელს სიახლეს სთავაზობს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, დაახლოებით, 11 000 გადასახადის გადამხდელს სიახლეს სთავაზობს.
უწყების ინფორმაციით, შეიქმნა ახალი პროგრამა, რომლის საშუალებითაც 2022 წლის პირველი მარტიდან ის მეწარმე სუბიექტები, ვისაც ექნებათ საგადასახადო დავალიანება 50 000 ლარი და მეტი (და ფლობენ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსს), სპეციალური წესის სტატუსის გამოყენებით, ავტომატურ რეჟიმში შეძლებენ ანგარიშ-ფაქტურების გაცემას.
„საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი გულისხმობს, რომ მოსარგებლე პირების მიერ, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, დღგ-ის ჩათვლა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემდეგ, შესაბამისი ოდენობის დღგ-ის თანხა გადახდილია ბიუჯეტში: მიმწოდებლის (გამყიდველის) მიერ; ან/და მიმღების (მყიდველის) მიერ მიმწოდებლის (გამყიდველის) სასარგებლოდ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ პირს არ ეზღუდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის თანხის ჩათვლა. ასევე, განხორციელებული ცვლილებით, თუ პირს აღარ დაუფიქსიდება საგადასახადო დავალიანება ზემოაღნიშნული ოდენობის ფარგლებში, მას ავტომატურად გამოერთვება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი და კვლავ, აღუდგება ჩვეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების წესი. აქვე განვმარტავთ, რომ დღგ-ის არაკვალიფიციური სტატუსის მქონე დღგ-ის გადამხდელად ახლად რეგისტრირებულ პირს და პირს, რომელსაც ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება აქტივობა, სათანადოდ შესწავლის შედეგად, ისინი ავტომატურ რეჟიმში, ერთი წლის ვადით, გადაყვანილი იქნებიან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალურ წესზე“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
აღნიშნული ცვლილების შესახებ, გადასახადის გადამხდელთა ინფორმირების გაზრდის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ქვეყნის მასშტაბით გეგმავს შეხვედრებს, როგორც მეწარმე სუბიექტებთან, ასევე სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან.