შემოსავლების სამსახური ბიზნესს მოუწოდებს, დღგ-სთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვაში აქტიურად ჩაერთოს
შემოსავლების სამსახური ბიზნესს სთხოვს, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის ე.წ. დღგ-ს რეგულირებასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვაში აქტიურად ჩაერთოს. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში ახალი საბაჟო კოდექსი და საგადასახდო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. ლაშქარაძის განმარტებით, როგორც საბაჟო, ისე საგადასახადო კანონმდებლობის განახლება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას ისახავს მიზნად და ბიზნესს ოპერირებას გაუმარტივებს.
დისკუსიის დროს ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და გადაცემის თანაწამყვანმა ლევან კალანდაძემ შემოსავლების სამსახურის უფროსს შეახსენა, რომ ბიზნესს დღგ-სთან დაკავშირებული ცვლილებების ირგვლივ გარკვეული კითხვის ნიშნები აქვს და შიშობს, რომ ცვლილებები მდგომარეობას გაართულებს. ლაშქარაძის განცხადებით, მოსალოდნელი ცვლილებები ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს და სასურველია, რომ ბიზნესი მის განხილვაში აქტიურად ჩაერთოს.
„მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი ცვლილებების მიზეზი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის დღგ-ს მარეგულირებელ დირექტივასთან დაახლოებაა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა ნორმა აბსოლუტურად გადმოვიღოთ. ამიტომ ჰქვია ცვლილებებს პროექტი და ეს ჯერ ბოლომდე გამოსულიც არ არის. რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება და პირველი, რაც ხაზგასმით ძალიან მინდა ბიზნესს ვთხოვო, მათ შორის ბიზნესასოციაციებს თუ ნებისმიერ პირს, ვისაც შენიშვნა აქვს ამ მიმართულებით, აზრი გამოთქვას. დღგ-ს რეგულირება ძირეულად იცვლება, მთელი თავი თავიდან არის გადაწერილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იცვლება“, – განმარტა ლაშქარაძემ.
შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ მიუხედავად შენიშვნებისა, დღგ-ს ახალი რეგულირება ბიზნესისთვის ოპერირების გამარტივებასაც გულისხმობს.
„აქაც არის ისეთი ფაქტებიც, რაც ბიზნესისთვის სასურველია. მაგალითად, ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მიწოდება, თუ ეს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში არ არის, დღგ-სგან თავისუფლდება. გარდა ამისა, გამოფენების, გარკვეული პრომოაქციების თუ დეგუსტაციების დროს დახარჯული საქონელი დღგ-სგან თავისუფლდება, რაც ბიზნესს ძალიან აწუხებდა. არსებული პროექტი ექვემდებარება განხილვებს და ჩვენი დიდი თხოვნაა ბიზნესთან, ჩაერთონ ამ განხილვებში და პარტნიორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას ერთად მივაღწიოთ“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.