შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ვისაც შეჩერებული აქვს საქმიანობა, საგადასახადო შეღავათის მიღებისთვის უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადი უნდა შეავსოს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურ განმარტებას აკეთებს გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიისთვის, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებისთვის, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.
უწყება განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, ოთხი თვის ვადით, მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე, გადაივადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.
„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენით და დასტურის მიღების შემდეგ, პირს ექნება შეღავათით სარგებლობის უფლება“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის, 16 მარტიდან შესაბამისი განცხადებით შემოსავლების სამსახურს უკვე მომართა 600-მდე გადამხდელმა, რომელთა მიმართ დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.
„შეგახსენებთ, შეღავათი ეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც მოხდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში დეკლარირებულ დავალიანებაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება არ განხორციელდება, ხოლო საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე, შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას.
ამასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, გაითვალისწინოს თითოეული მეწარმის ინტერესები და კიდევ ერთხელ მიმართავს იმ პირებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, საგადასახადო შეღავათის მიღებისთვის შეავსონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადი“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
საშემოსავლო და ქონების გადასახადებში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადახდის გადავადების მიზნით, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შექმნილია ელექტრონული განცხადების ფორმა და შევსების წესი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ასევე გადამხდეს შეუძლია, მისწეროს შემოსავლების სამსახურს ელექტრონულ მისამართზე [email protected] ან ისარგებლოს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის მომსახურებით – 2 299 299.