შემოსავლების სამსახური - 9 238 გადასახადის გადამხდელს 73 მილიონი ლარი ავტომატურ რეჟიმში უკვე დაუბრუნდა
ეკონომიკის სტიმულირების, ასევე, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრის დეკლარაციების შესაბამისად, 9 238 გადასახადის გადამხდელს კუთვნილი დღგ-ის ზედმეტობის თანხა ავტომატურ რეჟიმში, მოთხოვნის წარმოდგენის გარეშე უკვე დაუბრუნდა, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, დაბრუნებული თანხის საერთო ოდენობამ 73 მილიონი ლარი შეადგინა.
„მთავრობის აღნიშნული ინიციატივით, საერთო ჯამში, 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს და ქვეყნის ეკონომიკაში ყოველწლიურად მილიარდ ლარზე მეტი თანხა ავტომატურად დაბრუნდება.
გადაწყვეტილება ეხება 2020 წლის 16 ნოემბრიდან წარმოშობილ ზედმეტად გადახდილ თანხებს (ე.წ. მწვანე ბარათზე, შესაბამის რისკზე დაფუძნებული მიდგომით მიღებული შესამცირებლად გაანგარიშებული დღგ-ის თანხას).
ზედმეტობის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა ავტორიზებულ გვერდზე – eservices.rs.ge მოქმედი/აქტიური საბანკო ანგარიშის მოწოდების მიზნით, უკვე გაიგზავნა სავალდებულოდ გასაცნობი შეტყობინება, რათა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების თანახმად, კუთვნილი დღგ-ის ზედმეტობის თანხის დაბრუნება ავტომატურად განხორციელდეს.
შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს გადასახადის გადამხდელებს დროულად უზრუნველყონ აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
რაც შეეხება 2020 წლის 16 ნოემბრამდე დეკლარირებულ ზედმეტად გადახდილ თანხებს, რაც ასახულია გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე, შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული თანხა პირს შეუძლია, დაიბრუნოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენის საფუძველზე ან მიმართოს საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.
„დღგ-ის ზედმეტობების სწრაფი, მარტივი და ყოველგვარი ბარიერების გარეშე დაბრუნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
დღგ-ის ავტომატური დაბრუნების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის მსგავსიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა. „დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ, ფაქტობრივად მომენტალურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე, მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.