შემოსავლების სამსახური - 1000-მდე მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა, 31 მაისს დადასტურებული შემთხვევა კი, დასუფთავების კომპანიის თანამშრომელია და მასთან მებაჟე-ოფიცრებს კონტაქტი არ ჰქონიათ
ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში 1000-მდე მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა და ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გამოკვლეულია საბაჟო გამშვები პუნქტების: ,,სადახლო საავტომობილო”, „ლაგოდეხი“, „გუგუთი“, „გარდაბანი რკინიგზა“, „ყაზბეგი”, „სარფი“, „ბათუმის პორტი“, „ფოთის პორტი“, „ვალე“, „კარწახი“, „ნინოწმინდა“, „მტკვარი“, „გარდაბანი“, ასევე ფოთისა და ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონების 1000-მდე მებაჟე ოფიცერი. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები „კოიდ-19“-ზე უარყოფითია.
„ამასთან, შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 31 მაისს, დადასტურებული შემთხვევა, არის დასუფთავების კომპანიის თანამშრომელი და მას საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლო საავტომობილოს“ მიმდებარე ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება ევალებოდა. აღნიშნულ ქალბატონთან მებაჟე ოფიცრებს, მოქალაქეებსა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს კონტაქტი არ ჰქონიათ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.