შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, შეკვეთილში აქციის ოთხმა მონაწილემ შიმშილობა გამოაცხადა
შეკვეთილში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
ოთხმა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო.
„ვუერთდებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას. არ დავიშლებით, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მინდია ადაძემ.
აქციის სხვა მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. მათი თქმით, საპროტესტო აქციას ამავე ადგილზე ხვალ, 19:00 საათზე განაახლებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.