შეკვეთილში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობის აქცია გრძელდება
შეკვეთილში შიმშილობის აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარავი.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა, გახარიას გადადგომის შესახებ არ დაკმაყოფილდება.
„დღეს მეჩვიდმეტე დღეა რაც საკვებს არ ვღებულობთ. მიუხედავად გუშინ მომხდარი ინციდენტისა, შიმშილობის შეწყვეტას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ, ვიდრე მახინჯი სისტემა არ ჩამოიშლება და შს მინისტრი, გიორგი გახარია არ გადადგება“, – განაცხადა მოშიმშილე, მინდია ადაძემ.
შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობის აქცია მე-17 დღეა მიმდინარეობს. გუშინ აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე მოქალაქეები მივიდნენ და კარავი დაშალეს, სადაც მოშიმშილეები აქციას მართავდნენ, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თუმცა მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა კარავი კვლავ გაშალეს.