შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს
შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს

შეკვეთილში, აქციის მონაწილეებმა სანაპიროს მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის სახლთან კარავი გაშალეს.

ეს მესამე კარავია, რომელიც შეკვეთილში განთავსდა. ამასთან, სამი პირი ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობას განაგრძობს.

,,ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება მიმდინარე საპროტესტო აქციებთან არის ის, რომ როგორმე მუხტი დააგდოს. ამის საპასუხოდ მივანიშნებთ, რომ ეს მუხტი კი არ ცხრება, არამედ პირიქით ძლიერდება. კიდევ ერთი კარავი დავამატეთ. მესამე კარავის გაშლით, გვინდა მას ვაჩვენოთ, რომ არ დავიშლებით, ვიდრე თბილისში შეკრებილი ახალგაზრდა თაობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და რა თქმა უნდა, ამ მოთხოვნას სოლიდარობას ვუცხადებთ,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბონდო თედორაძემ.

შეკვეთილში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია რამდენიმე დღეა, იმართება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გურიის, აჭარისა და ფოთის ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ. ისინი თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციას სოლიდარობას უცხადებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.