შეიქმნება ხუთი მობილური ჯგუფი, საიდანაც თითო აჭარასა და იმერეთში, სამი კი თბილისში იმუშავებს
შეიქმნება ხუთი მობილური ჯგუფი, საიდანაც თითო აჭარასა და იმერეთში, სამი კი თბილისში იმუშავებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ხუთი მობილური ჯგუფის შექმნაზე, რომლებიც კოვიდკლინიკებში იმუშავებენ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯგუფის შემადგენლობაში შევა ერთი ინფექციონისტი, ერთი წამყვანი რეანიმატოლოგი და ერთი სამინისტროს წარმომადგენელი ოფიციალური პირი. თუმცა, ცერცვაძის განმარტებით, ასევე, ორ ჯგუფში დამატებულია რამდენიმე პრაქტიკოსი ექიმიც.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ აღნიშნული ხუთი ჯგუფიდან ერთი აჭარაში, ერთი იმერეთში, ხოლო სამი თბილისში იმუშავებს.

„გადაწყდა ხუთი მობილური ჯგუფის, ბრიგადის შექმნა, რომელთა შემადგენლობაში შევა ერთი ინფექციონისტი, ერთი წამყვანი რეანიმატოლოგი და ერთი სამინისტროს წარმომადგენელი ოფიციალური პირი. გარდა ამისა, ორ ჯგუფში დამატებულია რამდენიმე პრაქტიკოსი ექიმი, ვისაც კოვიდის მართვის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. ამ ხუთი ჯგუფიდან ერთი გაემართება აჭარაში, ის ჯგუფი იქნება გაფართოებული, გარდა ინფექციონისტის, რეანიმატოლოგის და სამინისტროს ოფიციალური პირის, იქნება სამი ახალგაზრდა ექიმი პრაქტიკულად სამუშაოდ, რომ იქ, ადგილზე პრაქტიკულ მუშაობაში დაეხმაროს. მეორე ჯგუფი წავა ქუთაისში, იმერეთში, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ქუთაისი, თერჯოლაში არის კიდევ კოვიდ-კლინიკა. მოგეხსენებათ, თერჯოლა პატარა რაიონია, მათ სერიოზული პასუხისმგებლობა აიღეს თავზე, მათ სჭირდებათ დახმარება და მხარდაჭერა, ხოლო სამი ჯგუფი იმუშავებს თბილისში.

ამ ჯგუფს ექნება შერეული ფუნქცია. ერთი – ის გააკეთებს აუდიტს, შეაფასებს ამა თუ იმ  კლინიკის ყველა ძლიერ და სუსტ მხარეებს, ვის სად უჭირს და სად – არა. გააკეთებს ანალიზს,  შემდეგ სამინისტრო მოახდენს რეაგირებას, სად რა რგოლი გააძლიეროს. მეორე – ის არ შემოიფარგლება მარტო აუდიტის ფუნქციით, გაუწევს  პრაქტიკულ დახმარებას, რადგან ამ ჯგუფის წევრები არიან პრაქტიკოსი ექიმები უდიდესი გამოცდილებით. ისინი გაუწევენ ადგილზე დახმარებას. ამის საჭიროება გვიჩვენა ბოლო 2-3 კვირის ტენდენციამ, როცა ფიქსირდებოდა შემთხვევების ზრდა, ერთეული შემთხვევებით, მაგრამ სიკვდილობის ზრდაც. ამაზე საჭიროა მყისიერი საპასუხო ზომები, რომლისკენაც პირველი სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. იმედი მაქვს, საქართველო შედეგს სულ რაღაც ერთ კვირაში იგრძნობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა ჯგუფის მუშაობის გრაფიკზეც.

„აჭარაში რომელი ჯგუფიც წავა, ერთი ან ორი კვირის განმავლობაში იქნება იქ სულ და იმუშავებს პრაქტიკულად აჭარელ ექიმებთან ერთად, ასევე იქნება იმერეთში – ქუთაისსა და თერჯოლაში. თბილისში რა გრაფიკით იმუშავებს, ამაზე შევთანხმდებით. სავარაუდოდ, დღეში რამდენიმე საათით მივლენ საკურაციო კლინიკაში, გააკეთებენ აუდიტსაც და გაუწევენ საჭირო დახმარებასაც“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.