შეინ როზენტალი - პანდემიის გამო რეგიონში მოსალოდნელი ზარალი 60-დან 279 მილიარდ დოლარამდე იქნება
მიმდინარე პანდემიის გამო რეგიონის ეკონომიკის ზარალი დაახლოებით 60-დან 279 მილიარდ აშშ დოლარამდე იქნება, – ამის შესახებ საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა ,შეინ როზენტალმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში აზიის განვითარების ბანკის ბოლო საპროგნოზო სცენარები განიხილეს, თუ რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს გლობალურმა პანდემიამ მსოფლიო და მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაზე.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ბანკმა პანდემიის გავლენის სამი შესაძლო სცენარი განიხილა, ყველაზე მსუბუქი, საშუალო და ყველაზე მძიმე. აღნიშნული სცენარების მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკის ზარალი 77 მილიარდი აშშ დოლარიდან 347 მილიარდამდე მერყეობს, რაც ნიშნავს, რომ გლობალურ დონეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 0.1-დან 0.4 პროცენტამდე შემცირდება.
თუმცა, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ვირუსის გავრცელების არამდგრადი სურათის გამო, პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.
„არსებობს პოტენციალი, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდოს, როგორც ნაციონალურ, ისე გლობალურ დონეზე. ვირუსთან ბრძოლის ჭრილში სიტუაცია არამდგრადია. ამიტომ ძალიან ძნელია, ვივარაუდოთ, როგორი იქნება საბოლოო გავლენა. ჩვენს მიერ წარმოდგენილი განვითარების შესაძლო სცენარები გვეხმარება, ვივარაუდოთ მოსალოდნელი შედეგი. ჩვენი სცენარების მიხედვით, რეგიონში ზარალი დაახლოებით 60-დან 279 მილიარდ დოლარამდე იქნება. საშუალო სიმძიმის სცენარის მიხედვით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ რომ 125 მილიარდი დოლარის ზარალს ვნახავთ, რაც მშპ-ის 0.6 პროცენტია“, – განაცხადა როზენტალმა.
მისი განმარტებით, პანდემიის შედეგად შენელებული ეკონომიკური აქტივობა და სამომხმარებლო მოთხოვნა ყველაზე მეტად ღარიბ ფენას აზარალებს, ამიტომ მოცემულ ვითარებაში სახელმწიფოს პრიორიტეტია, ვირუსი შეანელოს და დარწმუნდეს, რომ ეკონომიკური აქტივობის განახლებამდე ბიზნესი და მოსახლეობა მდგრადობას ინარჩუნებს.
„წარმოება შენელებულია და ამავე დროს მომხმარებელიც პასიურობს, რადგან შეჩერებულია ხალხის მოძრაობა, ეკონომიკური აქტივობა. ამ ყველაფრის შენელება, როგორც ვიცით, ვირუსის გავრცელების ერთადერთი გზაა. გასათვალისწინებლია, რომ ამ ყველაფრის შედეგად მოსახლეობის ღარიბი ნაწილი ზარალდება, ვისაც მცირე დანაზოგი ჰქონდა, ვინც ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული ან თანხას ნაღდი ანაგარიშსწორებით იღებდა. ნაციონალური ეკონომიკაც ძირითადად პანდემიაზეა დამოკიდებული. ფასების ცვალებადობის ფონზე სახელმწიფოებს ძალიან მცირე ვადებში უწევთ ვირუსთან გამკლავება. პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფოების პრიორიტეტი ახლა არის ვირუსის გავრცელების შენელება და დარწმუნება, რომ ეკონომიკური აქტივობის განახლებამდე ბიზნესები, ოჯახები მდგრადობას ინარჩუნებენ. ასევე, პრიორიოტეტია, რომ ეკონომიკური აქტივობა ეფექტურად და შედეგიანად განახლდეს“, – განუცხადა შეინ როზენტალმა „ბიზნესპარტნიორს“.