შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გამართა. ახალქალაქის, ახალციხის, მარნეულის, გორისა და თელავის შემდეგ ეს რიგით მეექვსე შეხვედრაა, რომელიც ამჯერად თბილისში გაიმართა. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ ნებისმიერი აქტუალური კითხვა ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძესთვის და საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის.
„შეხვედრების მიზანია, აბიტურიენტებს გავაცნოთ ის სიახლეები, რაც არის წლევანდელ გამოცდებზე, ასევე ჰქონდეთ უშუალო კონტაქტი ჩვენს თანამშრომლებთან, როგორც ტექსტის შემქმნელებთან, რათა შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით მიიღონ ინფორმაცია, იმ პროცედურებზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ გამოცდების მომზადებისა და მიმდინარეობის დროს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
მისივე თქმით, აბიტურიენტებს რეგიონებში ძირითადად დაფინანსების საკითხი აინტერესებთ.
„აბიტურიენტების შეკითხვები განსხვავდება. ახალქალაქსა და მარნეულში უფრო სხვა ტიპის კითხვებია, გორსა და თელავში სხვა ტიპის. ძირითადად აინტერესებთ სხვადასხვა საგნის შინაარსობრივი საკითხები, ასევე დაფინანსება, რომელიც ყველაზე პოპულარული კითხვაა“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.