შეერთებული შტატებისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქალს უკრაინის არმიისთვის გადარიცხული 51 დოლარისთვის რუსეთში 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
აშშ-ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქალს რუსეთში სახელმწიფოს ღალატში დასდეს ბრალი და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
საქმე ეხება 32 წლის ქსენია ხავანას (კარელინას), რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 51 დოლარის გადარიცხვისთვის დააკავეს. ქალმა თანხა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირველივე დღეს უკრაინის დასახმარებლად შექმნილ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.
აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქე ეკატერინბურგში 2024 წლის თებერვალში დააკავეს, როდესაც ის ლოს ანჯელესიდან დაბრუნდა.
ბრალდების მხარე ქალისთვის 15-წლიან პატიმრობას ითხოვდა.
ხავანას საქმეს სვერდლოვსკის საოლქო სასამართლო იხილავდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ამავე სასამართლოში ამერიკელ ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯეს.