შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მე-13 საერთაშორისო კვლევით კონფერენციას უმასპინძლა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ორდღიან კონფერენციაზე წარმოდგენილი სხვადასხვა თემატიკის ნაშრომები ეხებოდა განათლებას, განათლების ისტორიას, განათლების ფსიქოლოგიას, სასწავლო გარემოს მართვას, განათლების ლიდერობას, მენეჯმენტს და ადმინისტრირებას, უცხოური სწავლების მეთოდებს, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში, ანგლო-ამერიკულ ენათმეცნიერებას, კულტურასა და ლიტერატურას.
მათივე ცნობით, ყოველწლიური კონფერენცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მკვლევრებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკოსებს და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები. აგრეთვე, კონფერენცია ემსახურება მთავარ მიზანს – ხელი შეუწყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის კავშირის გამყარებასა და კვლევის შედეგების პრაქტიკულ რეალიზებას.
„კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 12 ქვეყნის 100-ზე მეტმა გამოცდილმა და ცნობილმა პედაგოგმა, პროფესორმა და განათლების სპეციალისტმა. კონფერენციაზე წარმოდგენილ ქვეყნებს შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, აზერბაიჯანი, კანადა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, სომხეთი, კატარი, მოლდოვა და ისრაელი. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 13 ამერიკელი განათლების ექსპერტი.
IBSU მადლობას უხდის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინგლისური ენის რეგიონულ ოფისს, რომელმაც უზრუნველყო ინგლისური ენის ექვსი სტიპენდიატისა და ფულბრაიტის პროგრამის ინგლისური ენის მასწავლებლის ასისტენტის კონფერენციაზე დასწრება, რომელთაც მონაწილეებს ღირებული ინფორმაცია გაუზიარეს“, – აცხადებენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.