შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს განათლების მინისტრი ხვდება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ხვდება.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შეხვედრა სამინისტროში დახურულ კარს მიღმა იმართება, რის შემდეგაც მიხეილ ბატიაშვილი და სტუდენტები მედიისთვის განცხადებების გაკეთებას გეგმავენ.
სტუდენტების ნაწილი განათლების სამინისტროსთან სპეციალური საბჭოს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად შეიკრიბა, რომლის მიხედვითაც, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლით პირველკურსელთა მიღება შეეზღუდა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტიდენტის ნიკა ლეთოდიას აზრით, საბჭოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივი აქვს.
„ოფიციალური ინფორმაციით, გადაწყვეტილება ყადაღის საფუძველზე მიიღეს, თუმცა აქ შეკრებილები ვფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკური მოტივი იყო და ჩემი აზრით, სახელმწიფო თავისუფალი ნების არჩევანს გვართმევს. ეს ყველამ უნდა გავაპროტესტოთ“, – აცხადებს ნიკა ლეთოდია.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ფინანსური დავალიანებების გამო შეეზღუდა.
IBSU-ში აცხადებენ, რომ ექსპერტების დასკვნის მიხედვით, უნივერსიტეტმა ავტორიზაციის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და მიმართავენ არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს.