შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოსმენა გაიმართება
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებზე, საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. მომხსენებელი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროს პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე იქნება.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, საკითხები შეეხება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებს, პირადი შემადგენლობის რაოდენობას, შეიარაღებას, მათ ქმედებებს, მათ შორის სამხედრო წვრთნებს. სხდომა სავარაუდოდ დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
ირაკლი ბერაიას განცხადებით, კომიტეტი შეაფასებს რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებს, რის შემდეგაც აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გაიმართება საკომიტეტო მოსმენა რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეების შესახებ შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში. მოხსენებას წარმოადგენს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი. მოხსენება შეეხება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებს, პირადი შემადგენლობის რაოდენობას, შეიარაღებას, აღჭურვილობას, მათ ქმედებებს, მათ შორის სამხედრო წვრთნებს. უნდა ითქვას, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გაიმართება სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მოსმენა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს იქნება ძალიან საინტერესო პროცესი, ძალიან საინტერესო მოსმენა. ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი კითხვა და გვექნება ძალიან საინტერესო დისკუსია.
მოსმენის საფუძველზე გვექნება შესაძლებლობა, ზოგადად შევაფასოთ როგორც უსაფრთხოების გარემოს დინამიკა, ასევე შევაფასოთ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობა ამ საფრთხეების და გამოწვევების საპასუხოდ. ბუნებრივია, ეს მოგვცეს შესაძლებლობას, შევიმუშაოთ კონკრეტული რეკომენდაციები, რომლითაც ჩვენ მივმართავთ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს“, -განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე პირველად მოუსმენენ სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენელს. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.