შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი კვლევებს თანამედროვე მოწყობილობებით განახორციელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის კვლევებს თანამედროვე მოწყობილობებით სამეცნიერო-კვლევითი ექოსაუნდერის და წყლის ხარისხის მონიტორინგის უახლესი პორტატიული აღჭურვილობით განახორციელებენ.
სააგენტოს ინფორმაციით, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტს შესაძლებლობა ექნება, სამეცნიერო კვლევები და შავი ზღვის მონიტორინგი მაღალი სიზუსტით შეაფასოს. სპეციალისტები მიღებული გამოცდილების საფუძველზე ახალი, თანამედროვე ხელსაწყოთი – ეკოსაუნდერის საშუალებით განახორციელებენ შავ ზღვაში თევზის მარაგების დათვლას, რაც მათ საშუალებას მისცემს, მაღალი სიზუსტით ჩაატარონ კვლევები და განსაზღვრონ სწორი სარეწაო პროგნოზირება.
ამასთან, შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში წყლის ხარისხის მონიტორინგის უახლესი აღჭურვილობით სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ, ზღვისა და მტკნარი წყლების ფიზიკურ-ქიმიური, დაბინძურების ევტროფიკაციის მონიტორინგი განახორციელონ.
აქამდე მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტს მსგავსი სახის მოწყობილობები არ ჰქონდა. თანამედროვე ხელსაწყოები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეიძინა. მოწყობილობების ღირებულება 343 500 ლარია.