შავ და აზოვის ზღვებში უსაფრთხოების საკითხს მომავალ კვირას ნატო-უკრაინა-საქართველოს კომისიის ფორმატში განიხილავენ
შავ და აზოვის ზღვებში უსაფრთხოების საკითხს მომავალ კვირას ნატო-უკრაინა-საქართველოს კომისიის ფორმატში განიხილავენ. ამის შესახებ ნატო-ში უკრაინის წარმომადგენელმა ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გამართულ ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომაზე ელჩებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და დადებითად შეაფასეს უკრაინის ქმედებები, რომელიც რთული ვითარების მიუხედავად, ცდილობს დაძაბულობის განმუხტვასა და სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.
უკრაინელი დიპლომატის თქმით, საგანგებო სხდომაზე ელჩები შეთანხმდნენ, რომ შავ და აზოვის ზღვებში უსაფრთხოების საკითხზე დიალოგს 4-5 დეკემბერს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განიხილავენ, რომლის ფარგლებშიც სავარაუდოდ ნატო-უკრაინა-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
„დიდი ალბათობით, კომისია გაიმართება ფორმატით უკრაინა-საქართველო + ნატო. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, დავაყენოთ ნებისმიერი საკითხი, რომლის განხილვაც შავი ზღვის კონტექსტში გვინდა“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის ელჩმა.
ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომაზე ალიანსის წევრებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინული ხომალდების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას გამართლება არ აქვს.