შატილის მიმართულებით 54 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე პროექტებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია შატილის მიმართულებით გზის რეკონსტრუქცია, რომელიც მთის გზების პროექტის ფარგლებში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი – ომალო – ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის შემადგენელი ნაწილია. ბარისახო-შატილის მიმართულებაზე მთის გზების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაყოფილია შვიდ ლოტად (კმ52-კმ106), რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდება 54 კმ. გზა, ჯამური ღირებულება 21 367 426 ლარია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის მიზანია შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდეს ბევრად უსაფრთხო, ვინაიდან არსებული გზა არის გრუნტის, ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები და 2 ავტომანქანისთვის გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელია.
„აღსანიშნავია, რომ შატილის მიმართულებით, უკვე დასრულდა 18 კმ-იანი მონაკვეთის (კმ33-კმ51) რეაბილიტაცია. ასევე, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს 16 კმ-იანი მონაკვეთის (კმ16-კმ32) რეაბილიტაცია. საერთო ჯამში, შატილის მიმართულებით მიმდინარე 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 86 კმ. გზა, აშენდება 17 ხიდი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ხიდს. ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.