შარშან საფინანსო მომსახურებით დაკავებულ საწარმოებში საშუალოდ 38 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 2096 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა დეკლარირებულმა შემოსავლებმა 5312,3 მლნ. ლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, აქედან უდიდესი ნაწილი (75,0 პროცენტი) მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, საიდანაც 9,7 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 15,3 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 1521,0 მლნ ლარი ნაღდი ფულის სახით. 2018 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 1473,0 მლნ. ლარი შეადგინა.
2018 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 38,0 ათას ადამიანს, რომელთაგან 59,7 პროცენტი ქალი იყო.
ასევე, საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 493,8 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 40,5 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 15,4 პროცენტი – სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 15,2 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 7,3 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (21,6 პროცენტი) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.
2018 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 339,3 მლნ ლარით განისაზღვრა, რომლის 51,0 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 16,5 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 13,8 პროცენტი – სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 2,9 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (15,8 პროცენტი) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.