„შარქ თენქ საქართველო“ - 26 დაფინანსებული მონაწილე და 3 მილიონზე მეტი ინვესტიცია ქართულ ბიზნესში
„შარქ თენქ საქართველო“ - 26 დაფინანსებული მონაწილე და 3 მილიონზე მეტი ინვესტიცია ქართულ ბიზნესში

საქართველოს პირველი არხის პროექტის „შარქ თენქ საქართველო“ მეორე სატელევიზიო სეზონი დასრულდა. წელს პირველად დაიდო ორი საერთაშორისო სტანდარტის გარიგება, დაფინანსდა პროექტის 12 მონაწილე და 1.5 მლნ ლარის ახალი ინვესტიცია განხორციელდა.

„შარქ თენქ საქართველო“, SONY Pictures ის პოპულარული სატელევიზიო მეგაშოუა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი და „სტენლი შოუ“ მაყურებელს 2021 წლიდან სთავაზობს. პროექტის ფარგლებში, ჯამში 26 მონაწილე დაფინანსდა და ქართულ ბიზნესში 3 მილიონზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

„წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ქართულ ინდუსტრიაში ინვესტირების წარმატებული პლატფორმა შევქმენით, ჯამში 3 მილიონი ლარის დაფინანსება გაიცა, რაც არა პროცესის დასასრული, არამედ დასაწყისია, ეს ინვესტიცია ნიშნავს განხორციელებულ იდეებს, წარმოების პროცესის გაფართოებას და დასაქმების ადგილების შექმნას. ეს შესაძლებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან, საზოგადოებისთვის დაბრუნებული სარგებელია“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

„შარქ თენქ საქართველო“ არის პირველი არხის მიერ შექმნილი პლატფორმა, რომელიც დამწყებ ბიზნესს საშუალებას აძლევს, ინვესტიცია მოიპოვოს, პროცესს კი მაყურებელს საინტერესო ფორმით სთავაზობს. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ ბიზნესში ქართული ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გადაცემის „შარქ თენქ საქართველო“ ეპიზოდები ფეისბუქგვერდზე და პირველი არხის ონლაინპლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

შარქ თენქ საქართველო