შარლოტსვილის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ამერიკელ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა
შარლოტსვილში განვითარებული მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, დონალდ ტრამპმა რასიზმისა და ქსენოფობიის გამომხატველი ნებისმიერი აქტი დაგმო. მან ამერიკელ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა.
„შარლოტსვილში განვითარებულ მოვლენებს შარშან მსხვერპლი მოჰყვა. ჩვენ როგორც ერი, ერთად უნდა ვიყოთ, უნდა შევინარჩუნოთ ერთობა. ვგმობ რასიზმს. მშვიდობა ჰქონოდეთ ამერიკის მოქალაქეებს!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ში.
ერთი წლის წინ, ვირჯინიის ქალაქი შარლოტსვილი ულტრანაციონალისტური ძალების ბრძოლის ველად იქცა. ორდღიანი აქციები ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ნეონაცისტებითა და კუ კლუქს კლანის წევრებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ აქციას მოქალაქეებმა კონტრაქციით უპასუხეს, ტრაგედია კი მაშინ დატრიალდა, როცა თეთრკანიანი რადიკალი ნაციონალისტი 20 წლის ჯეიმს ფილდსი ხალხის მასაში მანქანით შევარდა. ფილდსი დააპატიმრეს.
შარლოტსვილში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, თეთრკანიანი ულტრამემარჯვენეების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის საპასუხოდ, აშშ-ის რამდენიმე მეგაპოლისში კონტრაქციები გაიმართა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2017 წლის დასაწყისში რამდენიმე სოციოლოგიური ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ულტრანაციონალისტური მოძრაობების ზრდის სახიფათო ტენდენცია გამოააშკარავა. 2014 წლის შემდეგ მსგავსი იდეოლოგიის მატარებელი დაჯგუფებების რიცხვი 780-დან 920-მდე გაიზარდა. მათ შორის 100-მდე ნეონაცისტური, 78 რასისტების, ხოლო 130 კუ კლუქს კლანის მიმდევრების მიერ ფორმირებული ჯგუფებია.