შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ შეთავაზების თანახმად, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს
2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული შეთავაზების თანახმად, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს მოქმედი პროპორციული ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ ახალ წინადადებაშია ნათქვამი, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„მხარეები ითვალისწინებენ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება“.
მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში ზემოთ მოცემული შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად.
2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია“, – ნათქვამია დოკუმენტის მეხუთე პუნქტში.