შარლ მიშელის დოკუმენტზე სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს
შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს. ეს განცხადება სამადაშვილმა ორბელიანების სასახლესთან გააკეთა, სადაც დღეს დოკუმენტს ხელი მოეწერება.
ამასთან, დღეს გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა აცხადებდნენ, რომ დოკუმენტზე პარტიის სახელით ნიკა მელიამ უნდა მოაწეროს ხელი.
„პოლიტსაბჭოზე გადაწყდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოძრაობა დოკუმენტის ხელმოწერიდან თავს შეიკავებს, ვიდრე ნიკა მელია რჩება პატიმრობაში. თუმცა ასევე პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით, მე გადავწყვიტე ინდივიდუალურად მოვაწერო ხელი დოკუმენტს“,- განაცხადა სამადაშვილმა.
შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ორბელიანების სასახლეში ხელმოწერა დღეს გაიმართება.
მანამდე, შეხვედრა მიმდინარეობდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, რომელსაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.
ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.