ყველასთვის აშკარაა, რომ რუსეთმა უღალატა სომეხ ხალხს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციას სურდა, ყარაბაღში ჯარისკაცები ჰყოლოდა, რათა მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გარანტირებული ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო რუსეთის სამშვიდობო ძალების მცირედი რეაგირების გარეშე ამ ტერიტორიაზე“, – განაცხადა მიშელმა.
როგორც მიშელმა აღნიშნა, ის უკიდურესად იმედგაცრუებულია აზერბაიჯანის გადაწყვეტილებით, რაც მტკიცედ განუცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.
„ახლა აზერბაიჯანის გადასაწყვეტია, გამოიჩინოს კეთილი ნება, შეუერთდეს პროცესს საერთაშორისო სამართლის პატივისცემით, რათა დაიცვას აზერბაიჯანში მცხოვრები მთელი მოსახლეობის, მათ შორის სომხების უფლებები და უსაფრთხოება“, – განაცხადა მიშელმა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი კვლავ რჩება პარტნიორად ევროკავშირისთვის.