შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა მიშელმა რუსეთის პრეზიდენტს გააცნო ევროპული საბჭოს პოზიცია ევროკავშირი-რუსეთის ურთერთობებზე, რაზეც საბჭომ მაისის ბოლოს იმსჯელა. ევროპელმა ლიდერებმა დაგმეს რუსეთის არალეგალური, პროვოკაციული და დესტრუქციული აქტივობა, რომელიც მიმართულია ევროკავშირის, მისი წევრებისა და სხვების წინააღმდეგ. ევროკავშირი ერთიანი და სოლიდარულია ასეთი ქმედებების წინაშე. ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები დაბალ ნიშნულზეა. ეს სიტუაცია და მისი შემდგომი გაუარესება არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზი გაუსვა რუსეთის წილ პასუხისმგებლობას მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციაში.

შარლ მიშელმა ასევე ისაუბრა ბელარუსის საკითხზე და გაიმეორა ევროკავშირის პოზიცია, რომელიც ორგანიზაციას აქვს ბელარუსის ხელისუფლების მიერ „რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში იძულებით დაშვებასთან დაკავშირებით. მან პუტინს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე.

„პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ გადამწყვეტია, ბელარუსის ხელისუფლებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტოს რეპრესიები და ძალადობა, ასევე ჩაერთოს ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში. რუსეთს შეუძლია, ითამაშოს კონსტრუქციული როლი ამ კრიზისის გადაჭრაში“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.