შარლ მიშელი - ვიქტორ ორბანს არ აქვს მანდატი, რომ იმოქმედოს ევროკავშირის სახელით უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წერილს უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ორბანს არ აქვს ევროკავშირის მანდატი უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„საბჭოს როტაციული თავმჯდომარე ქვეყანა არანაირ როლს არ ასრულებს კავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო ასპარეზზე და არ მიუღია მანდატი, რომ იმოქმედოს კავშირის სახელით“, – აღნიშნა შარლ მიშელმა წერილში.
ამასთან, როგორც „როიტერი“ წერილზე დაყრდნობით წერს, მიშელმა უარყო ორბანის განცხადება, რომ ევროკავშირი უკრაინის მიმართ „ომის მომხრე“ პოლიტიკას ახორციელებდა.
„ეს სრულიად საპირისპიროა. რუსეთი არის აგრესორი და უკრაინა არის მსხვერპლი, რომელიც იყენებს თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას“, – წერს მიშელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის შესახებ არცერთი დისკუსია არ შეიძლება გაიმართოს უკრაინის გარეშე და ევროკავშირი „თანმიმდევრულად ცდილობდა, მოეპოვებინა ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.
„კავშირი ძალ-ღონეს არ იშურებს ამ კონტექსტში ყველა პარტნიორთან, მათ შორის, ჩინეთთან დასაკავშირებლად“, – წერს მიშელი.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესთავაზა.