შარლ მიშელი - ვგეგმავთ, რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ მხარდაჭერა მოლდოვისადმი, მისი შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით
ევროკავშირი მოლდოვისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს, – ამის შესახებ მოლდოვაში ვიზიტისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
ამასთან, შარლ მიშელმა არ დააკონკრეტა თუ რა ღირებულების სამხედრო დახმარებაზეა საუბარი და რა აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს ევროკავშირი.
„ჩვენ დავეხმარებით მოლდოვას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგებთან გამკლავებაში. გასულ წელს ჩვენ გამოვაცხადეთ შვიდი მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფა აღჭურვილობისთვის, ასევე არმიის სამედიცინო და ტექნიკური საჭიროებებისთვის ევროკავშირის მშვიდობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მიმდინარე წელს კი ჩვენ ვგეგმავთ, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა მოლდოვისადმი მისი შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით. ჩვენ ასევე დავეხმარებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სოციალური ერთიანობის გაძლიერებაში და კიბერთავდასხმების მოგერიებაში. ჩვენ გვჯერა, რომ რეფორმები გააძლიერებს მოლდოვის მდგრადობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდელობას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოლდოვის ევროინტრეგრაციის პროცესზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა რეფორმების მნიშვნელობას.
„ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვის მხარდაჭერას რეფორმების გზაზე კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. ეს ძალისხმევა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოლდოვის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენის კონტექსტში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას, ჩვენ მივისწრაფვით თქვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისკენ“, – განაცხადა შარლ მიშელმა
შარლ მიშელი ასევე შეეხო მოლდოვისთვის უკრაინის ომის შედეგებს და უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს.
„ეს არის გადამწყვეტი მომენტი მოლდოვისთვის და ევროპისთვის, რუსეთის ომმა უკრაინაში გამოიწვია წარმოუდგენელი ტანჯვა და ტკივილი. შედეგები არ მთავრდება უკრაინულ საზღვარზე, შედეგები არის გლობალური. დაწყებული საერთაშორისო სამართალზე რუსეთის თავდასხმით, დასრულებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა ყველაზე მასშტაბური კრიზისით, სურსათის და ენერგორესურსებზე ფასების ზრდით. ჩვენს სამეზობლოში ეს ომი განსაკუთრებით აისახა მოლდოვაზე, რაც კიდევ უფრო ართულებს „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ კრიზისს და საფრთხეს უქმნის თქვენს ენერგომომარაგებას. ბოლო ხანს მოლდოვა დაზარალდა უსაფრთხოების სფეროში პროვოკაციული ინციდენტებით და კიბერთავდასხმებით, თუმცა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების პირველი დღიდანვე თქვენ მკაფიოდ გამოხატავდით თქვენს პოზიციას ორ საკითხზე – გმობდით რუსეთის აგრესიას და მიესალმებოდით უკრაინელი ლტოლვილების დიდ რაოდენობას. ევროკავშირი სრულად სოლიდარულია მოლდოვის მიმართ. ეს ჩვენი ევროპული ვალდებულებაა, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ თქვენს ქვეყანას და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა თქვენი სტაბილურობის, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაგრძელდება. ეს ვიზიტი არის შესაძლებლობა, ვიხილოთ თქვენი დაუღალავი ძალისხმევა, რომელიც გულისხმობს დაახლოებით 100 ათასი ლტოლვილის მასპინძლობას. ეს არის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი რაოდენობა იმ ქვეყნებს შორის, სადაც უკრაინელი ლტოლვილები იმყოფებიან“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
შარლ მიშელმა ისაუბრა ევროკავშირის მხრიდან მოლდოვისთვის ამ დრომდე აღმოჩენილ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა გაგრძელდება გამოწვევების მასშტაბების შესაბამისად.