შარლ მიშელი - სუვერენიტეტი ნიშნავს, გახდე უფრო ძლიერი, უფრო გავლენიანი და მეტად აკონტროლო საკუთარი ბედი
შარლ მიშელი - სუვერენიტეტი ნიშნავს, გახდე უფრო ძლიერი, უფრო გავლენიანი და მეტად აკონტროლო საკუთარი ბედი

სუვერენიტეტი ნიშნავს, გახდე უფრო ძლიერი, უფრო გავლენიანი და მეტად აკონტროლო საკუთარი ბედი, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის ყველაზე მასშტაბური გაფართოების 20 წლისთავთან დაკავშირებით გამართული შეხვედრისას განაცხადა.

„ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, როგორც თავისთავად არსებულს ვიღებდით და ვხდებოდით ზედმეტად დამოკიდებულები ენერგორესურსებზე რუსეთიდან, კრიტიკულ ნედლეულზე – ჩინეთიდან და თავდაცვაზეც კი – აშშ-დან. ჩვენ დავუშვით, ჩვენსა და ჩვენი მთავარი კონკურენტების კონკურენტუნარიანობაში საშიში განსხვავება გაჩენილიყო. ახლა ჩვენ დაკარგული დრო უნდა ავანაზღაუროთ. ჩვენ გვაქვს სტრატეგია, მას ევროპულ სუვერენიტეტს ან სტრატეგიულ ავტონომიას უწოდებენ. სუვერენიტეტი ნიშნავს, გახდე უფრო ძლიერი, უფრო გავლენიანი და მეტად აკონტროლო საკუთარი ბედი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის სუვერენიტეტი სამ საყრდენს ეფუძნება.

„პირველი, დემოკრატიული ღირებულებები და დემოკრატიული პრინციპები: ღირსება – ეს არის საერთო პოლიტიკური პროექტის საფუძველი; მეორე, ჩვენ უნდა ავაშენოთ ძლიერი და უფრო კონკურენტული ეკონომიკა. ხდება ერთიანი ბაზრის უგულებელყოფა, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ მისი სრული პოტენციალი. გეოპოლიტიკურ კავშირზე საუბარი საკმარისი არ არის, ჩვენ ქმედებას უნდა მივმართოთ: ნაკლები ბიუროკრატია, ნაკლები ანგარიშები, ნაკლები მონიტორინგი, ნაკლები ეჭვი, მეტი ნდობა და თავისუფლება ჩვენი მეწარმეებისთვის.ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი კაპიტალის ბაზრების კავშირის გაღრმავება. ყოველწლიურად ჩვენი მოქალაქეების დანაზოგებიდან დაახლოებით 300 მილიარდი ევრო მიედინება აშშ-ში და არ ხდება ამ თანხების აქ, სახლში ინვესტირება. კონკურენტუნარიანობა და კაპიტალის ბაზრების ნამდვილი კავშირი უნდა იყოს მომავალი ევროკომისიის პირველი ამოცანა; და მესამე, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის მზადყოფნა. ყველას გვესმის, რომ უსაფრთხოება და თავდაცვა არ არის თეორიული და მნიშვნელოვანია საკუთარი ინსტრუმენტების, საკუთარი შესაძლებლობების განვითარება და სამრეწველო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. ჩვენ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ევროპაში და განვავითაროთ მოწინავე ევროპული პროექტები, როგორიცაა, მაგალითად „რკინის გუმბათი“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

შარლ მიშელის თქმით, გაფართოება არის ევროკავშირის სუვერენიტეტის სტრატეგიის ქვაკუთხედი და კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს ბევრი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირის 2030 წლისთვის მზად უნდა იყოს გაფართოებისთვის.

„კანდიდატი ქვეყნებისთვის ეს ნიშნავს აუცილებელი რეფორმების ჩატარებას და ორმხრივი უთანხმოებების მოგვარებას. ევროკავშირის მხრივ, ეს ნიშნავს ჩვენი პროგრამების და ბიუჯეტის, ასევე გადაწყვეტილებების მიღების პროცესის რეფორმირებას“, – განაცხადა მიშელმა.