შარლ მიშელი - საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება
საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპულის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი განცხადებას ავრცელებს.
„მე გავითვალისწინე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება სთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. მე ასევე მხედველობაში მივიღე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერა.
მე კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის განსახორციელებლად, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ზრდას – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხის სასარგებლოდ.
მე ვერ ვხედავ სიღრმისეული საარჩევნო, მართლმსაჯულების რეფორმების გაგრძელების, თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ალტერნატივას.
მოვუწოდებ ყველა მხარეს, წინ დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ვალდებულება აიღონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლის, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. იწყება კონსულტაციები რიგ პოლიტიკურ აქტორებთან საქართველოში. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რათა განმეხილა ვითარება და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები“, – აღნიშნულია მიშელის განცხადებაში.