შარლ მიშელი - სანქციები უნდა იყოს მტკივნეული რუსეთისთვის და არა ჩვენთვის
სანქციები უნდა იყოს მტკივნეული რუსეთისთვის და არა ჩვენთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „სიენენის“ ეთერში, კრისტიან ამანპურთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ევროპას ენერგოსექტორში არ აქვს ისეთივე ვითარება, როგორიც აშშ-შია, რამდენადაც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე.
„სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ უფრო გონიერები. მიზანი რუსეთია, ის უნდა იყოს მტკივნეული რუსეთისთვის და არა ჩვენთვის“, – განაცხადა მიშელმა.
მისივე თქმით, პუტინის დამარცხება საერთო მიზანი უნდა იყოს.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პუტინის დამარცხება. ეს საერთო მიზანი უნდა იყოს. ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს“, – განაცხადა მიშელმა.
მისი თქმით, ეს არის უსაფრთხოების საკითხი ევროპისა და მსოფლიოს მომავლისთვის. შარლ მიშელის თქმით, ომის დაწყების შემდეგ ის არაერთხელ ესაუბრა როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის პრეზიდენტებს იმ იმედით, რომ შეძლებდა ცეცხლის შეწყვეტას მოლაპარაკების გზით.
„ძალიან რთულია, რადგან ჩვენ დარწმუნებული არ ვართ რუსეთის ხელისუფლების გულწრფელობაში. გულუბრყვილოები არ ვართ, ვფიქრობ, ისინი ცდილობენ თავს დაესხნენ სამხედროებს, რათა გააძლიერონ მათი პოზიციები მოლაპარაკების პროცესში, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს“, – განაცხადა მიშელმა.