შარლ მიშელი - პრაღის სამიტზე გვაქვს საშუალება, მივმართოთ ყურადღება თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე, რათა გვქონდეს მეტი შესაძლებლობა, უსაფრთხოება და მშვიდობა
ფაქტი, რომ 44-მა ქვეყანამ, რომელიც მოწვეულია პრაღის სამიტზე, გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება, არის პირველი პოზიტიური სიგნალი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ეს შეხვედრა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
„ეს პირველი შეხვედრა იქნება და მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვიზიარებთ ერთ კონტინენტს და ჩვენ წინაშეა მსგავსი გამოწვევები. ჩვენ გვაქვს საშუალება, მივმართოთ ყურადღება, თუ როგორ შეგვიძლია თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება, რათა გვქონდეს მეტი შესაძლებლობა, მეტი უსაფრთხოება და მეტი მშვიდობა. ჩვენ ასევე გვაქვს საერთო გამოწვევები მიგრაციისა და მობილობის თვალსაზრისით. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ფაქტი, რომ 44-მა ქვეყანამ, რომელიც მოწვეულია, გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება, არის პირველი პოზიტიური სიგნალი. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმ საკითხების შინაარსზე, რომელთა გადაწყვეტა ერთად უნდა მოხდეს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.