შარლ მიშელი - მკაცრად ვგმობ ირანის ისრაელზე თავდასხმას, ეს მომაკვდინებელი ესკალაციის ჯაჭვი ახლავე უნდა შეჩერდეს, რეგიონული ომი არავის ინტერესში არ შედის
მკაცრად ვგმობ ირანის ისრაელზე თავდასხმას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ეს საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას.
„ეს მომაკვდინებელი ესკალაციის ჯაჭვი ახლავე უნდა შეჩერდეს. რეგიონული ომი არავის ინტერესში არ შედის. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს დეესკალაციისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვის მცდელობებს“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დღეს განახორციელა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პირველადი შეფასებით კი, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ამასთან, როგორც ისრაელში განაცხადეს, ამ ეტაპზე ირანიდან დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე არ არსებობს.