შარლ მიშელი - კავკასიაში სტაბილურობა და კეთილდღეობა ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებშია
შარლ მიშელი - კავკასიაში სტაბილურობა და კეთილდღეობა ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებშია

კავკასიაში სტაბილურობა და კეთილდღეობა ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებშია, – ეს განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე გააკეთა.

ჟურნალისტებმა მას ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე ჰკითხეს.

„ჩვენ შოკირებულები ვართ აზერბაიჯანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გამოეყენებინა სამხედრო ძალა; მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ალიევთან, რომელშიც მკაფიოდ ვთქვი, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთთან. ეს უნდა ითქვას ძალიან ხმამაღლა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება; მესამე საკითხია, რომ ევროკავშირი დაეხმარება სომხეთს, გაუმკლავდეს აზერბაიჯანის მიერ წამოწყებული ამ სამხედრო ოპერაციის შედეგებს. ძალიან ბევრი ლტოლვილია სომხეთში და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ სომხეთის სურვილი, განამტკიცოს ურთიერთობები ევროკავშირთან და მე ამის მომხრე ვარ. ჩვენ რამდენიმე წლის წინ, საინვესტიციო პაკეტის ფარგლებში, სომხეთს დავპირდით ორ მილიარდ ევროს და ეს დაპირება უნდა შევასრულოთ. სომხეთს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება“, – განაცხადა მიშელმა.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის შუამავლობის როლზე.

„დანებება არ შეიძლება. დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს სირთულეების და უკუსვლის მიუხედავად. დღეს შევხვდებით პრეზიდენტ მაკრონს, კანცლერ შოლცს და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, ასევე, გავითვალისწინებ პრეზიდენტ ალიევის გადაწყვეტილებას, არ დაესწროს ამ შეხვედრას. მე ამას გავითვალისწინებ, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის ინტერესებშია, რომ კავკასიაში იყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა. ვიდრე ჩვენ ევროკავშირის სახელით დავიწყებდით შუამავლობას, ჩვენ არ ვიყავით კარგად და აქტიურად წარმოდგენილი ამ რეგიონში. ევროკავშირის შუამავლობის ძალისხმევა ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცავთ ევროკავშირის ინტერესებს და წინ ვწევთ ჩვენს ღირებულებებს ამ რეგიონში. ესაა, რაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებშია სტაბილური და განვითარებული სამეზობლო, მათ შორის, კავკასია“, – განაცხადა შარლ მიშელმა.