შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება [ფოტო, ვიდეო]

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება.

შარლ მიშელი დღეს უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტში დღესვე შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

დღის ბოლოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად, სალომე ზურაბიშვილის სახელით სადილი გაიმართება.

შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 15:00 საათზე ჩამოფრინდა.

ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ გუშინ ხელმოწერა გაიმართა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი 18 აპრილს წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.