შარლ მიშელი - გაფართოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მომავლისთვის, რადგან გაფართოების გარეშე არსებობს ახალი რკინის ფარდის რისკი
გაფართოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მომავლისთვის, რადგან გაფართოების გარეშე არსებობს ახალი რკინის ფარდის რისკი, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის ყველაზე მასშტაბური გაფართოების 20 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„უკიდურესად საშიში იქნება, თუ გექნებათ არასტაბილური სამეზობლო კეთილდღეობის ან ეკონომიკური განვითარების ნაკლებობით. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესები – კანდიდატი ქვეყნებისა და ევროკავშირის – პროგრესის მიღწევა, დაჩქარება“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რომ არა ეს ისტორიული გაფართოება, ევროკავშირი მისი ამჟამინდელი სახით დაყოფილი იქნებოდა „დე ფაქტო რკინის ფარდით“, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები აღმოსავლეთის მხარეს იქნებოდნენ „კრემლის პოლიტიკური და იდეოლოგიური მცდელობების სამიზნე მათი ოკუპაციისთვის“.
მიშელმა უარყო სპეკულაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის პრეზიდენტობამ, უფრო პოლარიზებული ევროპარლამენტის პოსტარჩევნებთან ერთად, შესაძლოა, კიდევ უფრო შეაფერხოს კანდიდატი ქვეყნების წევრობის გზა.
„ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ინსტიტუციური ციკლი იქნება ჩვენი საერთო პოლიტიკური ნების დადასტურების, გაფართოების. მე დარწმუნებული ვარ, რადგან ვგრძნობ, რომ ლიდერები – მათი დიდი უმრავლესობა – აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან, რომ ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.