შარლ მიშელი - გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაფართოება არის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომელსაც ვუგზავნით ევროპელ და კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებს
სამიტი, რომელიც ახლახან დასრულდა, იყო ისტორიული, რადგან გადავწყვიტეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნა, საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, გაფართოება არის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომელსაც ევროპელ და კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებს უგზავნიან.
„რუსეთის აგრესიის ომმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე ღრმად შეცვალა ევროკავშირი. ჩვენ გავამყარეთ მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის ღირებულებები. სამიტი, რომელიც ახლახან დასრულდა, იყო ისტორიული, რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნა, საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება. ჩვენ ასვე შევთანხმდით, რომ გავხსნით მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, როგორც კი ისინი მიაღწევენ კრიტერიუმების შესაბამისობის საკმარის დონეს და ჩვენ გვაქვს მარტში დაგეგმილი შეხვედრა. ეს არის ჩვენი მკაფიო არჩევანი, რადგან ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ გაფართოება არის ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებაში და კეთილდღეობაში. ეს არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომელსაც ვუგზავნით ევროპელ მოქალაქეებს და კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებსა და დანარჩენ მსოფლიოს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.