შარლ მიშელი - ევროკავშირს სურს, ხელი შეუწყოს რეგიონული თანამშრომლობის ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში, ეს თემა იქნება საქართველოში ჩვენი მუშაობის დღის წესრიგში
ევროკავშირს სურს, მონაწილეობა მიიღოს და ხელი შეუწყოს რეგიონული თანამშრომლობის ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში და ეს თემა ასევე იქნება ჩვენი მუშაობისა და გეგმების დღის წესრიგში საქართველოში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მიშელის განცხადებით, ხანგრძლივი მშვიდობა და კეთილდღეობა ნიშნავს კარგ შეთანხმებებს და მის განხორციელებას.
„მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ნახსენები იყო ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობა რეგიონში და მის საზღვრებს მიღმაც. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა. ეს განსაკუთრებით ეხება ტრანსპორტირებას და მათ სხვადასხვა მარშრუტებს. ამ შემთხვევაში ევროკავშირს სურს, მონაწილეობა მიიღოს და ხელი შეუწყოს რეგიონული თანამშრომლობის ძალისხმევას. ჩვენ გვინდა, რომ ეს გზავნილი მივცეთ ყველა მხარეს და ქვეყანას, რომლებიც მზად არიან ამ საკითხზე მობილიზებისთვის. ეს თემა ასევე იქნება ჩვენი მუშაობისა და გეგმების დღის წესრიგში საქართველოში. ჩვენ გვჯერა, რომ ხანგრძლივი მშვიდობა და კეთილდღეობა ნიშნავს კარგ შეთანხმებებს და მის განხორციელებას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.