შარლ მიშელი - ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ძლიერი როლი უნდა ითამაშოს
შარლ მიშელი - ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ძლიერი როლი უნდა ითამაშოს

ევროკავშირმა ძლიერი როლი უნდა ითამაშოს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, – ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას გააკეთა.

რეპორტიორმა მას ჰკითხა ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობებზე და აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომელიც 16 ივნისს ჟენევაშია დაგეგმილი.

„პირველი გზავნილი არის მარტივი. ევროკავშირი ერთიანია. ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს წარმომადგენლებს გვქონდა დებატები რუსეთის საკითხზე და ჩვენ დავგმეთ რუსეთის არალეგალური და დესტრუქციული აქტივობა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ძლიერი როლი ითამაშოს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ასევე დასავლეთ ბალკანეთში, რომ მხარი დავუჭიროთ მტკიცე და ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ამ ქვეყნებში. აშშ-სა და სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად მნიშვნელოვანია გვქონდეს რეაქცია, როდესაც ჩვენ ვდგავართ ავტორიტარული რეჟიმების წინაშე, რომლებიც ჩვენზე ზეწოლას ახდენენ. ასევე, მნიშვნელოვანია გვქონდეს პროაქტიური სტრატეგია, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და წინ წავწიოთ ჩვენი ღირებულებები“, – განაცხადა შარლ მიშელმა.