შარლ მიშელი - ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში, როგორც არასდროს, არსებობს პოლიტიკური ნება, რადგან ჩვენ გავიაზრეთ გეოპოლიტიკური იმპერატივი
ევროკავშირის გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ეს ადვილი არ არის, არსებობს გზა შეზღუდვებითა და დაბრკოლებებით, მაგრამ, როგორც არასდროს, არსებობს პოლიტიკური ნება, რადგან ჩვენ გავიაზრეთ გეოპოლიტიკური იმპერატივი. გაფართოება არის არჩევანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე, ერთ-ერთ პანელზე განაცხადა, რომელშიც ასევე მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
სიტყვით გამოსვლისას შარლ მიშელმა ორ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთაგან პირველი უკრაინის მიმართ ევროკავშირის დახმარებას ეხებოდა, მეორე კი – ევროკავშირის გაფართოების საკითხს.
„უკრაინის წინააღმდეგ ომმა მთლიანად შეცვალა ევროპული პარადიგმა. როდესაც ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ევროკავშირმა, და არა ნატო-მ, გადაწყვიტა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მან ძირეულად შეცვალა პარადიგმა. ჩვენ განვაგრძეთ ინტენსიური მუშაობა, რათა გაგვეძლიერებინა ოპერატიული უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობები ევროპულ დონეზე, რათა გვქონოდა მყარი, მტკიცე ევროპული საყრდენი ნატო-ში. ეს არის პირველი ელემენტი; და მეორე ელემენტი, მე ამას ვამბობ საქართველოს პრეზიდენტის გვერდით, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და მან იცის ეს. მეორე ელემენტი არის ევროკავშირის გაფართოება. გაფართოება არის ინვესტიცია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ეს ადვილი არ არის. არსებობს გზა შეზღუდვებით და დაბრკოლებებით, მაგრამ, როგორც არასდროს, არსებობს პოლიტიკური ნება, რადგან ჩვენ გავიაზრეთ გეოპოლიტიკური იმპერატივი. გაფართოება არის არჩევანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.