შარლ მიშელი - ჩვენ აღგვიქვამენ, როგორც პატიოსან მოთამაშეებს, ეს გვაძლევს საშუალებას, ვითამაშოთ პოზიტიური როლი გლობალურ მმართველობაში, მაგრამ თავიდან უნდა ავიცილოთ ორმაგი სტანდარტების მახე
ევროკავშირი, მისი კანდიდატი ქვეყნები და აფრიკაც კი კრემლის ჰიბრიდული თავდასხმების ქვეშ არიან, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის გაფართოების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მიშელის თქმით, რუსეთი მიგრანტებს, ფულსა და ყალბ ამბებს დესტაბილიზაციისთვის იყენებს, რადგან აქვს მკაფიო მიზანი, გაანადგუროს ევროპული ოცნება. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზია ის, რომ კრემლს ეშინია თავისუფლებისა და დემოკრატიის მის კარზე.
„ევროკავშირი არის თავისუფლებისა და შესაძლებლობების უდიდესი სივრცე ამ პლანეტაზე. ჩვენ გვაქვს პოზიტიური იმიჯი მსოფლიოში. ჩვენ აღგვიქვამენ, როგორც პატიოსან მოთამაშეებს, რომლებსაც არ აქვთ ფარულად ვინმესთან მუშაობის სურვილი და დღის წესრიგი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ვითამაშოთ პოზიტიური, პატივსაცემი და სტაბილიზაციის როლი გლობალურ მმართველობაში, მაგრამ ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ორმაგი სტანდარტების მახე“, – აღნიშნა მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, გაფართოება არის ევროკავშირის სუვერენიტეტის სტრატეგიის ქვაკუთხედი და კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს ბევრი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი.
„მე ვიმეორებ ჩემ მტკიცე რწმენას, რომ ჩვენ ორივე მხრიდან უნდა ვიყოთ მზად 2030 წლის გაფართოებისთვის. კანდიდატი ქვეყნებისთვის ეს ნიშნავს საჭირო რეფორმების შესრულებასა და ყველა ორმხრივი დავის მოგვარებას. ევროკავშირის მხრიდან ეს ნიშნავს ჩვენი პროგრამებისა და ბიუჯეტის რეფორმასა და გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა მიშელმა.