შარლ მიშელი - ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ძალისხმევას არ იშურებენ ევროკავშირის მოქალაქეებისა და იმ პირების ევაკუაციისთვის, რომლებიც მოკავშირე ძალებთან თანამშრომლობდნენ
შარლ მიშელი - ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ძალისხმევას არ იშურებენ ევროკავშირის მოქალაქეებისა და იმ პირების ევაკუაციისთვის, რომლებიც მოკავშირე ძალებთან თანამშრომლობდნენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „დიდი შვიდეულის“ სამიტს, რომელზეც ავღანეთისა საკითხზე იმსჯელეს, განცხადებით ეხმაურება.

შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ძალისხმევას არ იშურებენ ევროკავშირის მოქალაქეებისა და იმ პირების ევაკუაციისთვის, რომლებიც მოკავშირე ძალებთან თანამშრომლობდნენ და ავღანეთის ახალ მმართველებს, უცხოელი და ავღანეთის მოქალაქეებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი რეგიონის ქვეყნებთან ითანამშრომლებს და ხელს შეუწყობს უსაფრთხო და სათანადო ცხოვრების პირობების შექმნას იმ ავღანელებისთვის, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ.

მისი თქმით, თავიდან უნდა იყოს არიდებული ადამიანებით მოვაჭრეთათვის ახალი ბაზრის შექმნა, მიგრაციული ნაკადები კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, ევროკავშირის საზღვრები კი, დაცული.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ავღანელ ხალხზე პოზიტიური გავლენის შესანარჩუნებლად და მათი ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ევროკავშირს მოუწევს ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობა. ამასთან, როგორც მიშელი აღნიშნავს, ურთიერთობა დამოკიდებული იქნება ახალი რეჟიმის ქმედებებზე, ავღანელი მოქალაქეების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიღწევების შენარჩუნების და ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ქალების, გოგონების და უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით.

გარდა ამისა, შარლ მიშელის განცხადებით, ტერორისტული საფრთხის თავიდან ასარიდებლად ნატო-სა და მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის განხორციელდება მონაცემების გაზიარება.

შარლ მიშელის თქმით, ავღანეთში მისიის დასრულებით არ სრულდება ევროკავშირის ვალდებულება მსოფლიოში კანონის უზენაესობის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის პოპულარიზაციის მიმართულებით და ეს გასაგები უნდა იყოს იმ აქტორებისთვის, რომლებიც არსებული სიტუაციიდან სარგებლის მიღებას ცდილობენ.