შარლ მიშელი - ერთი თაობის დროს თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის მანძილი უპრეცედენტოდ შემცირდა
დამოუკიდებლობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთი თაობის დროს მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ყველაზე ერთგული პარტნიორია მეტი დემოკრატიისთვის და სტაბილურობისთვის.
„საქართველო, მოლდოვა და უკრაიანა უკვე 30 წელია, დამოუკიდებელი არიან. ერთი თაობა, რომელმაც ძალიან ძლიერი ძალისხმევით მიაღწია წინსვლას, ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის თანამშრომლობის, ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე, და ეს არ ყოფილა იოლი გზა. ეს სულისკვეთება მიმდინარეობდა დესტაბილიზაციის, აგრესიის, გამოწვევების ფონზე და პირობებში. ევროკავშირი თქვენთან არის და სრულ სოლიდარობას გიცხადებთ. აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას…ვახსენე ერთი თაობა დამოუკიდებლობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამ ერთი თაობის დროს მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი არის თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორი უფრო მეტი დემოკრატიისთვის, უფრო მეტი სტაბილურობისთვის და მეტი კეთილდღეობისთის, და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნის მოსახლეობის სასარგელოდ“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.
ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წელს ჰიბრიდულ ფორმატში იმართება, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად, სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი.