შარლ მიშელი - ძალიან მნიშვნელოვანია ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება, ამაში შეგიძლიათ, ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ
შარლ მიშელი - ძალიან მნიშვნელოვანია ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება, ამაში შეგიძლიათ, ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ

ძალიან მნიშვნელოვანია ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება, ამაში შეგიძლიათ, ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის მყარი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში მექნება საშუალება, ადმინისტრაციული დემარკაციის ხაზთან მივიდე, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან.

კიდევ ერთი შეხსენება საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება და ამაში თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ“,- განაცხადა შარლ მიშელმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

​ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა.  ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს. შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.