შარლ მიშელი - დღეს ჩვენი თაობის ამოცანაა, ევროპა გავხადოთ უფრო ძლიერი, უფრო სუვერენული, უფრო გავლენიანი, უფრო ინტეგრირებული და კიდევ უფრო ერთიანი
2004 წლიდან 13 ახალი წევრი შემოუერთდა ჩვენს კავშირს, რა იყო ამ დიდი გაწევრიანების მოტივაცია? ახალი წევრი ქვეყნებისთვის ეს იყო ძლიერი სურვილი, გამხდარიყვნენ მსოფლიოს თავისუფლებისა და კეთილდღეობის ნაწილი. ევროპა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე გეოგრაფია, ევროპა არის იდეა, ოცნება, მოგზაურობა, იმედის შუქურა, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის ყველაზე მასშტაბური გაფართოების 20 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მიშელის თქმით, ევროკავშირი, მისი კანდიდატი ქვეყნები და აფრიკაც კი კრემლის ჰიბრიდული თავდასხმების ქვეშ არიან.
„არასდროს უნდა დაგვავიწყდეს კანდიდატი ქვეყნების მონდომება იმ დროს. თქვენ გაწევრიანება თქვენი გზის მანათობელი ვარსკვლავი გახადეთ და თქვენი პოლიტიკა და თქვენი სულისკვეთება ამ საერთო სტრატეგიულ მიზანს შეუსაბამეთ. ეს შთამბეჭდავი იყო. მეორე მხრივ, რამ განაპირობა ევროკავშირის მოტივაცია? ჩვენი მორალური ვალდებულება იყო, გვეპასუხა ისტორიის ამ მოწოდებისთვის, მაგრამ ეს ასევე შედიოდა ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებში. წესებზე დაფუძნებული დღევანდელი წესრიგი, რა თქმა უნდა, არ არის სრულყოფილი, მაგრამ მისი მიზანია სტაბილიზატორის როლის შესრულება. დღეს ეს მსოფლიო წესრიგი ირყევა და ეს ხდება სწორედ აქ, ჩვენს ევროპულ მიწაზე. რუსეთი აწარმოებს ომს სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის ომი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით. ევროკავშირი, მისი კანდიდატი ქვეყნები და აფრიკაც კი კრემლის ჰიბრიდული თავდასხმების ქვეშ არიან. მიგრანტები, ფული და ყალბი ამბები რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისთვის არის გამოყენებული“, – განაცხადა მიშელმა.
შარლ მიშელის განცხადებით, კრემლს აქვს მკაფიო მიზანი, გაანადგუროს ევროპული ოცნება.
„კრემლს ეშინია თავისუფლებისა და დემოკრატიის მის კარზე. ევროკავშირს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. გაფართოება არის ევროკავშირის სუვერენიტეტის სტრატეგიის ქვაკუთხედი და კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ვიმეორებ ჩემს მტკიცე რწმენას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ორივე მხრიდან 2030 წლის გაფართოებისთვის. კანდიდატი ქვეყნებისთვის ეს ნიშნავს საჭირო რეფორმების შესრულებასა და ყველა ორმხრივი დავის მოგვარებას. ევროკავშირის მხრიდან ეს ნიშნავს ჩვენი პროგრამებისა და ბიუჯეტის რეფორმასა და გადაწყვეტილების მიღებას. ევროსაბჭო ამ საკითხებს ჩვენი სტრატეგიული დღის წესრიგისა და შიდა რეფორმების პროგრამის კონტექსტში განიხილავს. ერთიანობა და სოლიდარობა ჩვენი საუკეთესო თვისებებია. 2004 წელს ჩვენმა წინამორბედებმა გააცნობიერეს გამოწვევის მასშტაბები. მათი მიზანი იყო მრავალსაუკუნოვანი ომებისა და განხეთქილების შედეგად ნაიარევი კონტინენტის გაერთიანება. დღეს ჩვენი თაობის ამოცანაა, ევროპა გავხადოთ უფრო ძლიერი, უფრო სუვერენული, უფრო გავლენიანი, უფრო ინტეგრირებული და კიდევ უფრო ერთიანი. ჩვენ ჩვენი კავშირისთვის კიდევ ერთი ისტორიული მომენტის ზღურბლზე ვართ, ისტორიასთან გვაქვს პაემანი, ორივე ხელით ჩავეჭიდოთ მას“, – განაცხადა მიშელმა.